Thursday, November 17, 2011

მანძილი რომ არ ყოფილიყო


ცხოვრება ხანმოკლეა. ყველაზე დიდი პრობლემა კაცობრიობისთვის დროის რესურსის სიმწირეა. ყველას სადღაც ეჩქარება, რატომღაც არავის ჰყოფნის დრო. რამდენ ადამიანს უფიქრია - ნეტავ დღე-ღამეში 24-ის მაგივრად 30 საათი მაინც იყოსო. 

"დრო და სივრცე"
  
მე კი მგონია, რომ სულერთია რამდენი საათია დღეში, ადამიანებისთვის ყოველთვის არასაკმარისი იქნება დრო. მირჩევნია ბუნებრივ მოთხოვნილებებზე ნაკლებ დროს ხარჯავდეს ადამიანი ან საერთოდ არ იყოს მათი დაკმაყოფილება საჭირო - არ გეძინებოდეს, არ გშივდებოდეს და ასე შემდეგ. ეს ძალიან ბევრ დროს დაგვიზოგავდა.

მაგრამ მგონი მაინც ყველაზე კარგი საშუალება დროის ეფექტიანად გამოყენების ის იქნებოდა მანძილი რომ არ არსებობდეს. 

რა იქნებოდა მანძილი რომ არა:

  1. არ იარსებებდა მანძილის ფორმულა - S=V*T
  2. არ იარსებებდა სატრანსპორტო კომპანია TTC  და მათი ერთგული ყვითელი კონტროლიორები
  3. ყველა ადამიანის ტვინში იქნებოდა ადგილმდებარეობის განმკარგავი ნახევარსფერო
  4. გადაადგილება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ გაფიქრებით
  5. აღარავინ გამოიყენებდა ფრაზას - “I wish you were here”. ამის გაფიქრება და მასთან გაჩენა ერთი იქნებოდა
  6. გამოცდის წინ 5 წუთით ადრე შევძლებდი საგამოცდო ცენტრში მისვლას
  7. მშობლები აღარ დაავალებდნენ თავიანთ უმცროს შვილებს მაღაზიაში ჩასვლას, იმიტომ რომ თვითონაც არ დაეზარებათ
  8. დაგვიანებისას ვეღარ გაიმართლებდი თავს იმ მიზეზით, რომ საცობში მოყევი ან ტრანსპორტმა დაიგვიანა
  9. აღარ ჩაითვლებოდა „სვეცკობად“ ევროპაში საყიდლებზე სიარული
  10. ვაგზლის ბაზრობაზე და ლილოში ერთი ფასები იქნებოდ
  11. არ იარსებებდა მერსედესი, ჰამერი, ნისანი, ინფინიტი, პორშე და მისთანანი; შესაბამისად ბევრად რაციონალურად მოუწევდათ ქართველებს 10000-ების ხარჯვა
  12. მონატრებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდებოდა და ასევე საგრძნობლად გაიზრდებოდა თავის მომაბეზრებელთა რაოდენობაც
  13. არ იქნებოდა ავია და ავტო კატასტროფები
"ფიქრისთვის განკუთვნილი მანძილი"


ეს არის სულ მცირე ჩამონათვალი რას შეცვლიდა უმანძილობა. მაგრამ ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაქრებოდა - ფიქრი.

გზა ფიქრია, რომელიც უმეტესად საკუთარ საქციელს და ცხოვრებას ეხება. გზაში გვაქვს დრო, რომ ვიფიქროთ რა გავაკეთეთ ან რა ჩავიდინეთ. დრო რომელიც მანძილის გავლას სჭირდება, გვაიძულებს განაჩენი გამოვუტანოთ საკუთარ თავს. სხვა შემთხვევაში ინერციულობა გარდაუვალი იქნებოდა.