Tuesday, July 19, 2011

პროტესტი ძველი მიკროავტობუსების ახალ ფასს!

საოცარი დღეა! დილიდან არ მიმართლებს... მაგრამ, როგორც ყოველთვის, არ ვიმჩნევ.

ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველასთვის საინტერესო რაც მოხდა, მგზავრობის პროცესი იყო.

ძალიან მეჩქარებოდა სამსახურში. მართალია, მას შემდეგ, რაც გავიგე რომ ძველი "მარშუტკების" მომსახურებაც 80 თეთრით შეუფასებია ზოგ ხაზს, გადავწყვიტე რომ სამარშრუტო ტაქსებით აღარ ვისარგებლებდი. ეს გუშინ იყო. დღეს სიჩქარის გამო მაინც მომიწია #149-ის გაჩერება.

ასვლამდე დავინახე წარწერა "80 თეთრი", რომელიც უჯრიანი რვეულის ფურცლის მეოთხედ ნაგლეჯზე ლურჯი კალმით იყო შესრულებული. ვიფიქრე, პროტესტის ნიშნად ვეტყვი უსინდისოები ხართ და ჩავალთქო, მაგრამ ისეთი აურზაური იყო ხალხში რომ ვიფიქრე რაიმე საინტერესოს მოვისმენდი.



"თურმე უგულავამ ხელწერილი დააწერინა მძღოლებს ფასის მომატებაზე..."


ჰოდა, მეც უხმოდ ავედი და გბრაზებულ ხალხთან ახლოს დავჯექი რომ ყველა სიტყვა კარგად მომესმინა.

თურმე რა მომხდარა, რომელიღაც სახელმწიფო უწყებას გადაუწყვეტია, რომ ყველასთვის ეიძულებინა ფასის მომატება. მძღოლის განცხადებით "ასე გვითხრეს, თუ არ მოამატებთ ფასს იმასაც ვერ მიიღებთ რასაც იღებდით აქამდეო!"

შეგახსენებთ, რომ #4 ახალი სამარშრუტო ტაქსებით ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობა 80 თეთრი გახდა. გუშინ "რადიო კომერსანტის" ცნობით კიდევ სამმა ხაზმა 147, 100 და 128-მ გაზარდეს საფასური. დღეს 149-საც გაუზრდია და გამორიცხული არ არის სხვა ხაზებიც მსგავსად მოქცეულიყვნენ.

"დამატებული 30 თეთრი კონდიციონერის ყოფილა..."


ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ პირველი ოცდათექვსმეტი სამარშრუტო ტაქსის შემოყვანის დღეს ვმგზავრობდი 137 ნომერი "მარშუტკით", მძღოლი ამბობდა "აი ნახავთ თუ სხვა ხაზებმაც არ დააწესონ ახლა ფასი, მაგრამ ჩვენ, რაც უნდა მოხდეს, ფასს არ ავწევთ. ასე გვაქვს ნათქვამი და შევასრულებთ." მაშინ ვფიქრობდი, რატომ უნდა გაზარდონ თუ ახალ მანქანებს არ შემოიყვანენთქო... (ცოტა არ იყოს მიამიტური აზრები მაწუხებს ხოლმე)

მიუხედავად იმისა რომ სააგენტო "პირWელს" "თბილისის მიკროავტობუსის" პრეს-სამსახურში განუცხადეს, კომპანია მგზავრობის ღირებულებას მხოლოდ ახალი, ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსებზე განსაზღვრავსო და თბილისის მერიაში ოფიციალური განცხადებაც გავრცელდა იმის შესახებ, რომ მგზავრობა 80 თეთრი მხოლოდ #4 სამარშრუტო ხაზზე იქნებოდა, ხოლო სხვა ხაზებს ეს გაძვირება არ შეეხებოდა, როგორც ვხედავთ, ვიღაც იტყუება!

მძღოლები - კომპანიას ან სახელწიფო სტრუქტურას, სახელმწიფო სტრუქტურები და კომპანია მძღოლებს აბრალებენ. ყველაზე მეტად კი მოსახლეობა ზარალდება.



"ბატონი უგულავა"

მე მიმაჩნია რომ მერია, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ცვლილებაში, უნდა ჩაერიოს და გაარკვიოს სიტუაციის მიმდინარეობა; ისევდაისევ საკუთარი სტატუსის შენარჩუნების მიზნით. უნდა გაუქმდეს ახალი ფასები ძველ მიკროავტობუსებზე და რაც შეიძლება სწრაფად მომარაგდეს "თბილისის მიკროავტობუსი" ახალი მანქანებითა და ბილეთის აპარატებით. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც უფლება აქვს შეღავთიანი ფასით იმგზავროს, გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობა, რასაც ახლა ვერ ახერხებს ბილეთის აპარატის უქონლობის გამო.





პ.ს. ერთი საინტერესო ფრაზა მესმის რამდენიმე დღეა ყველა სატრანსპორტო საშუალებაში - "მეტის ღირსები ვართ! ხმას არ ვიღებთ არაფერზე!"

2 comments:

  1. ერთმა ჭკვიანმა კაცმა (:D:D:D:D) კითხა გიგი უგულავას 4 კომპანიას რო მივეცით გარანტია რო მხოლოდ ისინი იქნებიან ამ ბაზარზე ფასის და ხარისხის რეგულირებას როგორ აპირებს მერიაო... გიგი უგულავამ ხან რა თქვა ხან რა მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია... და ის "ჭკვიანი კაცი" იმ დღეს მიხვდა რო ფასები გაიზდებოდა... ჭირი იქა, ლხინი აქა! :D:D:D

    ReplyDelete
  2. და ახლა რას ფიქრობს ეგ ჭკვიანი კაცი??? :?

    პ.ს. მგონი "ჭირი იქა, ლხინი აქა!" უადგილო იყო! :D:D

    ReplyDelete