Showing posts with label განათლება. Show all posts
Showing posts with label განათლება. Show all posts

Sunday, September 22, 2013

რაღაცის თქმა დავაპირე და...

სასაცილო სიზმარი ვნახე...

...შევდივარ უზარმაზარ ცარიელ შენობაში. იმდენად დიდია ეს შენობა, რომ შიშიც კი მიპყრობს. სულ ცარიელია. არც ხმა ისმის, არც მოძრაობა შეინიშნება. მარტო ვარ; არც ის ვიცი აქ რა მინდა. ცოტა შემცივდა ამ სიცარიელეში, ჰოდა მოძრაობა მზიანი მხარისაკენ დავიწყე.
ერთ მხარეს შენობას სულ შუშის კედელი აქვს, მის წინ კი კიბეა. კიბეზე ავედი, უმიზნოდ. ინტერესი მკლავს და მეც ყველაფერს ყურადღებიან მზერას ვავლებ. ავდივარ ნელა, ფრთხილად, ჩუმად და თან ყველაფერს ვათვალიერებ. საინტერესო ჯერ კიდევ არაფერი შემხვედრია. ყოველ სართულზე ერთი და იგივე სცენაა: დერეფნის ბოლოს ნიშანი კიდია, რომელიც მიუთითებს რომელი სართულია ამის შემდეგ. 
მეშვიდე სართულზე მომბეზრდა და უკან დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ აბრა შევამჩნიე განსხვავებული: "ერთი სართულით ზემოთ არის მე-9 სართულის ერთი სართულით ქვემოთ სართული". როგორ ფიქრობთ რას უნდა ნიშნავდეს ეს? რა თქმა უნდა მე-9 სართული არის ბოლო. მეც შესამოწმებლად გავაგრძელე გზა.
რაც უფრო ვუახლოვდებოდი ბოლო სართულს, მით უფრო ხმაურიანი მეჩვენებოდა ჩემი ნაბიჯები. არც მეშინოდა და არც რაიმე სხვა მიზეზი მაკავებდა, უბრალოდ ინტერესმა არ მომცა საშუალება უკან დავბრუნებულიყავი. 
გზადაგზა ვფიქრობდი, ნეტავ რა შენობაა? ან რატომ არის ცარიელი? დღეს რა დღეა? იქნებ შესვენების საათია? ან რა ხდება მაინცდამაინც ამ მე-9 სართულზე? რატომ ვარ მე აქ და არა სხვაგან, ნაცნობ ადგილას? ძალიან ბევრი კითხვა და ერთადერთი სურვილი მქონდა: გამეგო რა ხდებოდა ჩემკენ მომავალი ხმაურის ადგილას. 
მეცხრე სართულზეც განსხვავებული აბრა დამხვდა: "მე-9 ცა". გაგიკვირდებათ და კიბე გრძელდებოდა ზემოთ. დერეფნის ბოლოს კედელთან, ზუსტად წარწერის გვერდით ერთი გრძელფეხება სანათი იდგა. სანათის მარცხნივ კი კარი იყო. ხმაურიც აქედან მოდიოდა. უკანმოუხედავად, ძლიერი მაგრამ ფრთხილი ნაბიჯით წავედი კარისკენ. ცოტა შიშმა გაიღვიძა ჩემში, მაგრამ ამასთანავე ინტერესი გამი100მაგდა! მოუთმენლობა და შიში ერთდროულად დამეუფლა. მე კი ამ დროს გონებაში ყველანაირ სავარაუდო სურათს ვხედავდი. 
კართან ახლოს მივედი და შევამჩნიე, რომ კარს არ აქვს საკეტი; მხოლოდ ერთი მეტალის ფირფიტა - ზუსტად საკეტის ადგილას. მე არ დავიბენი და მოურიდებლად მივაწექი კარს. 
ოთახში მიმდინარე მოვლენებმა კარებშივე გამაშეშა...
არც თუ ისე პატარა ოთახის შუაში ოვალური ფორმის მაგიდა იდგა. კარის მოპირდაპირე მხარეს კედელზე დიდად ეწერა: "საქართველოს ისტორია" - თავისუფალი თემა." მაგიდის გარშემო 12 ცხოველი იჯდა. 9 მათგანს წინ ედო კალამი და ფურცელი. ზოგი წერდა, ზოგი ლაპარაკობდა, ზოგიც სხვის ჩანაწერში იხედებოდა. ჟირაფი, ლომი, დათვი, მგელი, ღორი, მელია, თხა, კატა და ცხენი როგორც ჩანს თავისუფალ თემას წერდნენ.
მაგიდის წაგრძელებულ თავში სამი მაიმუნი იჯდა, ფურცლებისა და კალმების გარეშე. იმის მაგივრად, რომ სიმშვიდე  და სამართლიანობა დაემყარებინათ ოთახში, ისინი უბრალოდ ისხდნენ...
არცერთ მათგანს არ შევუმჩნევივარ... გაოცებული ვიდექი კარში. უცებ მაიმუნების უმოქმედობამ ბრაზით ამავსო. ცხელ გულზე რაღაცის თქმა დავაპირე და... ხმა ვერ ამოვიღე!!!
პირში წყალი მაქვს ჩაგუბებული!!! მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ თევზი ვარ...

...ერთი უსიამოვნოდ შევკრთი საწოლში და რამდენიმე წამში გავაანალიზე, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო (ან იყო და ან არა...).

Monday, May 23, 2011

-ბიზნეს რეალითი შოუ? -არა, რეკლამა!

ქრისტეს შობამდე V საუკუნეში მოღვაწე ბერძენმა, პერიკლემ თქვა „განათლებამ უნდა აღზარდოს ადამიანი, რომელიც ღირსეულად მიესადაგება ცვლად გარემო პირობებს.“

როგორც ამ ფრაზიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, მისი აზრით, განათლებული ადამიანი იყო თავისუფლად მოაზროვნე („მიესადაგება ცვლად გარემო პირობებს“) ღირსეული პიროვნება. ცხოვრების დინამუირობიდან გამომდინარე მას, განათლებულ ადამიანს, აქვს შესაძლებლობა ცვლადად, ანუ თავისივე აზროვნების რეალობისადმი მისადაგების ხარჯზე, მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილებები.

ბიზნეს რეალითი შოუ - „შეგირდი“ - ეს პროექტი უკვე რამდენიმე კვირაა რაც იმედის ღამის ეთერში გადის და მაყურებელს საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს ახალგაზრდა მონდომებული ადამიანების დამცირების ყველაზე ველურ გზებს.

პროექტის ლოგო


შესარჩევი ეტაპების (კახა ბენდუქიძესთან) პირველივე დღიდან მოყოლებული პროექტში მოხვედრილმა 12 ადამიანმა ნამდვილი ომი გამოიარა. დამცირებებითა და „კუთხეში დაყენებებით“ სავსე რამდენიმე ეტაპი ზოგს - ნერვების, ზოგსაც ღირსების ფასად დაუჯდა. სიამაყე ამ პროექტის გამარჯვებულს არ დასჭირდება, ალბათ. თუ დასჭირდება სხვას უნდა ესესხოს.

რა აღარ მოიფიქრა გადაცემის წამყვანმა (როგორც პროექტის აღწერაშია მითითებული) და პროექტის ხელმძღვანელმა ბატონმა - კახა ბენდუქიძემ, რომ ნამდვილი მგლები აერჩია თავისი შოუსათვის. ხან თემები აწერინა, ხან ბაზარში გაგზავნა, ზოგს რძე დაუწუნა, ზოგს პატიოსნება.

როგორც თვითონვე განაცხადა, შესარჩევი ეტაპების გნმავლობაში მისი არცერთი საქციელი არ იყო დაგეგმილი, არცერთი შეკითხვა არ ყოფილა წინასწარ გაწერილი. ასევე ტელეკომპანია იმედის გადაცემაში („დღის შოუ“) სტუმრობისას აღნიშნა, რომ არც კრიტერიუმები ყოფილა წინასწარ განსაზღვრული. როგორც ვიცით, გამარჯვებული „დასაჩუქრდება“ გრანდიოზული მშენებლობის მენეჯერის პოზიციით. არც სამშენებლო გამოცდილება ან ცოდნა სჭირდება მონაწილეს, არც განსაკუთრებული რაიმე უნარჩვევა რაც მისი მომავალი სამუშაოს შესრულებისთვის მნიშვნელოვანია.

მაშინ რატომ ეს 12 ადამიანი? ჩემი დამოკიდებულება ასეთია: ბატონმა კახამ ახალგაზრდები მორჩილებისა და მოკრძალების მიხედვით აარჩია. ამასთანავე გაითვალისწინა (სავარაუდოდ, მაყურებელთა თვალის ასახვევად, თითქოს ამ ეტაპებმა განსაზღვრა მათი გამარჯვება) შერჩევის ეტაპებზე „წაუბორძიკებლად“ და შეუპასუხებლად გავლაც.

რა არის ამ პროექტის მიზანი?

ასევე „დღის შოუში“ ქალბატონ ნანიკო ხაზარაძეს არ მოერიდა და აღნიშნა, რომ ბატონ კახასთან შეხვედრამდე ეშინოდა მისი. მეტად სავარაუდო იყო, რომ ასევე იქნებოდა მონაწილეების შემთხვევაშიც.

მგონი, ეს ვარაუდი არ გამართლდა. კვირაში ერთხელ, დავალების შესრულებისა და შემოწმების შემდეგ დგება შეფასების დრო. შეფასებაც ისეთივე საოცარია, როგორიც იყო შესარჩევი ეტაპები (შედარებით მეტად მიესადაგება ადამიანურ ლოგიკას). მიუხედავად რამდენიმეკვირიანი ურთიერთობისა და ბატონი კახას უშუალობის დანახვისა, მონაწილეები „სამსჯავროზე“ მოხვედრისთანავე ნიკაპის კანკალით იწყებენ შესრულებული სამუშაოს ჩაბარებას. მგლები დასაწყისში ტყუილად არ მიხსენებია. სწორედ აქ, „სამსჯავროზე“ (მე ვუწოდებ ასე), ერთმანეთის დაცვის თავი ნაკლებად აქვთ უძილარ და მთელი კვირის განმავლობაში ფიზიკურად ნამუშევარ 20-25 წლის გოგო-ბიჭებს. მთავარია გადარჩნენ! როგორც მშიერი მგლების ხროვაში სულერთია ვინ ვის შეჭამს, მთავარია მშიერი არ მოკვდეს.

"სამსჯავრო"


არანაირი ანალიტიკური ან სააზროვნო დავალებები. ყველაზე რთულ გონებრივ დავალებად შეიძლება ჩაითვალოს აზომვითი და გამოთვლითი სამუშაოები, რასაც ფიზიკური მუშაობის დაწყებიდან 30 წუთით ადრე აგვარებენ (ალბათ).

დავუბრუნდეთ პროექტის პროფილს - ბიზნეს რეალითი შოუ. ყველაზე წარმატებული და მსოფლიოში აღიარებული ბიზნესმენები თავიანთ დღევანდელ მდგომარეობამდე მხოლოდ გონებრივი მუშაობითა და რისკიანობით მივიდნენ. ამ გადაცემაში კი ნაგვის გატანისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების ჭედების მეტი ჯერ არაფერი გაუკეთებიათ მონაწილეებს.

რა შედეგი გამოიღო ამ გადაცემამ კახა ბენდუქიძის რეიტინგზე?

ბევრისგან მესმის - „რა უშუალო ადამიანი ყოფილა ეს კახა?!“ „ეგრე ეკუთვნოდათ იმ გამოშტერებულ ახალგაზრდებს, ვინც 10-ის 10% არ იცოდა!“ „მე რომ ვყოფილიყავი უფრო დავაჩმორებდი მაგათ!“ - და მსგავსი ფრაზები. ჩემში, პირადად, ზიზღის მეტს ვერაფერს იწვევს გადაცემის წამყვანის თითოეული ცინიკური რეპლიკა თუ შეკითხვა. ისიც ვიცი, რომ არიან ადამიანები ვინც ჩემსავით ფიქრობენ. ეს არის ადამიანის დამცირების ველური გზა!

როგორც დიდი ოსტატი, მკაცრი და შეუვალი ხდება მაშინ, როცა შეგირდები დავალებას სათანადოდ ვერ ასრულებენ. მუსიკაც კი მრისხანე და მსოფლიოს მმართველი პიროვნების გამოჩენისათვის შესაფერისია ხოლმე, გადაცემის წამყვანის კადრში მოხვედრისას.  

რაც უნდა თქვან ბატონ კახაზე, რამდენიმეწლიანი მიჩუმებული მოღვაწეობის შემდეგ ყველა მასზე ალაპარაკდა. მისია შესრულებულია - პოპულარობა დაბრუნებულია!

გადაცემის წამყვანი





პ.ს. გარდა თავისუფალი უნივერსიტეტისა კახა ბენდუქიძემ შეისყიდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი. გაიზარდა გავლენის არეალიც.




თამარ ბურკაძე 

Wednesday, April 27, 2011

ფრთხილად! დაგაზომბებენ!

თამარ ბურკაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი. წარმოსათქმელად დამღლელი სტატუსია, მაგრამ მაინც მსიამოვნებს ამის აღნიშვნა.

ალბათ ეს ჩემს ბევრ მეგობარს გაუკვირდა, მაგრამ ვაღიარებ, მიხარია რომ ამ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე.

რა ნაკლი აქვს თსუ-ს?

ყველაზე მოუწესრიგებელი ადმინისტრაცია ჰყავს. უმნიშვნელო საკითხზეც კი იმხელა პრობლემას გიქმნიან, რომ პრობლემის კი არა ვენების გადაჭრაზე იწყებ ფიქრს. ბიუროკრატია - რომლის არც თავი და არც ბოლო არ არის ცნობილი.

თითქმის არცერთი გამოცდა არ ტარდება განრიგის მიხედვით, თითქმის არცერთ კათედრას არ აქვს სტუდენტისთვის მისაწოდებელი მასალები დალაგებული და მოწესრიგებული, სილაბუსით დაწყებული სავალდებულო ლიტერატურით დამთავრებული.

სტუდენტების 90%-ს სულ არ აინტერესებს არც ეკონომიკა და არც ბიზნესი. მათი ლექციების 50%-ზე მეტი მაღლივი კორპუსის კიბეებთან არის გატარებული.

მერე რა, რომ ყველამ ვინც არ იცოდა სად ჩაებარებინა „ეკონომიურზე“ (ანუ მეცნიერება რომელიც გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ ეკონომიურად) ჩააბარა.
  
მოკლედ, ახლა შევწყვეტ უარყოფითი მხარეების ჩამოთვლას, ისედაც აშკარაა რომ ბევრია. ახლა გეტყვით რატომ მიხარია აქ სწავლა.

ჩემს უნივერსიტეტში მე თავისუფალი ვარ! არავის სჭირდება ჩემი დაპროგრამება. მე მიხარია, რომ ლექტორები ტვინს არ მიჭედავენ იმ იდეოლოგიებით რომლითაც (შეიძლება) თვითონ არიან შეპყრობილნი. მე მიხარია, რომ თუ მართლა მოწოდებული ხარ მეცნიერული განათლების მიღებისთვის არიან გამოცდილი და ყურადღებიანი ადამიანები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს ნებისმიერი საშუალებით მხარი დაგიჭირონ და დაგეხმარონ.

მე არ/ვერ დამცინიან (გაგიკვირდებათ და მსგავსი ფაქტები ხდება ზოგ უნივერსიტეტში) ჩემი კურსელები, იმის გამო რომ განსხვავებული აზრი მაქვს. მე შემიძლია ვთქვა რასაც სწორად მივიჩნევ და თუ მაქვს საშუალება არგუმენტებით დავასაბუთო. მე ვიცი, რომ ამისთვის არავინ ჩამწიხლავს!

ამ ყველაფერზე იმიტომ ავლაპარაკდი, რომ ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ და ვიცი იქაური მდგომარეობა. 17-18 წლის ახალგაზრდებს იმდენად ულაყებენ ჯერ დაუმჭკნარ ტვინებს, რომ დაზუსტებით გეტყვიან რომელი იდეოლოგიის მომხრეები არიან (ხშირ შემთხვევაში წარმოდგენა არ აქვთ რომელი სხვა იდეოლოგია რას წარმოადგენს). 

დღეს ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოს მომავალმა სტუდენტმა თავისი მომავალი სასწავლებელი, იმიტომ რომ ახლა საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები ფუძნდება ორი უმთავრესი მიზენით, სტუდენტების ოჯახების „გაფრცქვნისთვის“ და სტუდენტების აზროვნების ზომბირებისთვის.

არ აჰყვეთ სხვის ნაფიქრალეზე მარტივად ცხოვრების ცდუნებას! თვალდახუჭული ნდობა საეჭვო საქმეა და მხოლოდ სულელების ცხოვრების შესამსუბუქებლად არის მოფიქრებული. 






პ.ს. ეს სტატია ალბათ ბევრს გააცოფებს, მაგრამ მე ჩემი სიმართლით დამშვიდებული მზად ვარ ობიექტურად შევაფასო ყოველი განრისხებული ადამიანის კომენტარი!