Monday, March 17, 2014

რატომ არ ვართ თავისუფლები


დღევანდელი სამყაროს ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი რომ მკითხოს ვინმემ რა არისო, ალბათ მაშინვე ტექნიკა და ტექნოლოგიები გამახსენდება.

ოცდამეერთე საუკუნეში ამ "წვრილმანების" გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია და სიმართლე რომ გითხრათ, არც მინდა რომ წარმოვიდგინო. ყველაფერი ბევრად მარტივია ახლა ვიდრე ჩვენი მშობლების თაობას ახსოვს.

რადიკალურ და სწრაფ ცვლილებებს ვერ ვიტან და მგონი მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფრის ბოლომდე გააზრება მიყვარს და თან არც ის მიყვარს, რომ დროში ვიწურები. მირჩევნია მშვიდად, აუჩქარებლად გავიაზრო ყველაფერი და ისე გამოვთქვა ჩემი აზრი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც არავინ გვკითხა და ისე შემოგვტენა ყველა სახის ტექნიკა რაც კი კომფორტის მოყვარულ ინჟინრებს მოუვიდათ თავში აზრად, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში (სულ რაღაც 10-15 წლის წინ) ჩვენთვის წარმოუდგენელი ნივთები ჩვენი ნების გარეშე ახლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ ჩვენ ტელეფონის, კომპიუტერის, სარეცხი მანქანების, თმის ფენისა და ცენტრალური გათბობის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.

"ნება"-ზე გამახსენდა კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოს სიღარიბეზე მეტად თუ არა ნაკლებად ნამდვილად არ არინტერესებს.

თავისუფალი ნება, როგორც ეს ოფიციალურ დოკუმენტებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ და როგორც დემოკრატიული ქვეყნის სამოქალაქო კოდექსები გვაუწყებენ, ადამიანის უმთავრეს უფლებას წარმოადგენს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი მილიონობით პირი (იურიდიული თუ ფიზიკური) იცავს ამ უფლებას, როგორც ადამიანის თავისუფლების საწყისს. არავის აქვს უფლება შემიზღუდოს მე თავისუფლება. ძალიან მარტივია არა?

არა! ძალიან რთულია.
სად არის თავისუფლება? როგორია ის? ვინ არის თავისუფალი? ვის აქვს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება ან ვინ იღებს თავად თავის ცხოვრებაში ყველა გადაწყვეტილებას? 
მე ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ჩემი ვარაუდები კი ნამდვილად ბევრია და ამ ვარაუდებში მგონი კითხვები უფრო ჭარბობენ ვიდრე პასუხები.
წარმოვიდგინოთ სრულყოფილი სახელმწიფო, სადაც ადამიანი თავისუფალია გამოხატოს თავისი ნება და აზრი, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, და ეს ყველაფერი ისე ხდებოდეს რომ სხვა არ შეზღუდოს. ეს უფრო ძნელად წარმოსადგენი სამყაროა, ვიდრე 21-ე საუკუნე ტექნიკის გარეშე; მაგრამ მაინც ვცადოთ, გამოვიყენოთ ჩვენი განვითარებული გონება.

ასეთ სახელმწიფოში ჩვენი არსებობა ნამდვილად მშვენიერია... მანამ სანამ ბუნება თავის კანონებს არ აამუშავებს.

ვინ თქვა, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება? ტყუილია!
ვინმემ გკითხათ თქვენ სანამ ამ ქვეყანას მოევლინებოდით გინდოდათ ეს თუ არა?! ვინმემ შემოგთავაზათ ასეთი ოჯახი გინდა თუ ისეთიო?! თქვენით აირჩიეთ დედამიწის ის ტერიტორია რომელზეც დაიბადებოდით?! თქვენ გგონიათ რომ განაგებთ თქვენს ფიზიკურ არსებობას?! და როგორ ფიქრობთ, თქვენი თავისუფალი ცხოვრების აღსასრულს ვინმე გკითხავთ ასე გინდა რომ მოკვდე თუ ისე?! როდის გინდა რომ მოკვდე?! სად გინდა რომ მოკვდე, ან ვინ გინდა რომ გვერდით გყავდეს იმ წამს?! 
ბუნებაში თავისუფალი ნება არ არსებობს. ადამიანები ვიგონებთ ამ ყველაფერს, ისევე როგორც მოვიგონეთ სამართალი და სამართლიანობა. ეს სამყარო არ არის ამ ორი დიადი ცნების ბუნებრივი ადგილსამყოფელი.

დედამიწაზე არ არსებობს არც თავისუფლება და არც სამართლიანობა...
ეს ყველაფერი ჩვენ - ადამიანებმა მოვიგონეთ იმისთვის, რომ როგორმე დაგვეკნინებინა ბუნების უზენაესობა; როგორმე გავთავისუფლებულიყავით ბუნების კანონებისგან და როგორმე დაგვეცვა თავი მისი უსამართლობისგან.

მარტენ პაჟის ერთ-ერთი პერსონაჟი თავის, ჩემი აზრით, განუმეორებელ მონოლოგში ამბობს "მხოლოდ სიკვდილშია თავისუფლება: იყო თავისუფალი, იგივეა მოკვდე." იგი ბუნების უზენაესობის დამხობის გზად თვითმკვლელობას მიიჩნევს, რადგან მხოლოდ ამ საქციელით შეუძლია ადამიანს დაამტკიცოს თავისი ძალაუფლება სიცოცხლეზე. მისი აზრით, ადამიანმა თვითონ უნდა შეარჩიოს თავისი სიკვდილის დრო, ადგილი, გზა და გარემოება. ალბათ მართალია...

სხვა დანარჩენი "თავისუფალი არჩევანი", რასაც ჩვენ ვთვლით რომ ჩვენივე ცხოვრების მმართველებად გვაქვცევს, საზოგადოების მიერ შერჩეულ გარემოებებს წარმოადგენს. ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართ. 



საკმაოდ ვრცელი ჩანაწერი გამომივიდა, მაგრამ თუ არ დაგეზარათ ან გულწრფელად დაგაინტერესათ და ბოლომდე წაიკითხეთ, მინდა რომ გაგამხნევოთ - მიუხედავად ყველაფრისა, სამყაროში ნამდვილად არსებობს სილამაზე, სიყვარული, გემრიელი საჭმელი და კეთილი ადამიანები, რისთვისაც ცხოვრება ყველაფრის ფასად ღირს!


No comments:

Post a Comment