Sunday, September 22, 2013

რაღაცის თქმა დავაპირე და...

სასაცილო სიზმარი ვნახე...

...შევდივარ უზარმაზარ ცარიელ შენობაში. იმდენად დიდია ეს შენობა, რომ შიშიც კი მიპყრობს. სულ ცარიელია. არც ხმა ისმის, არც მოძრაობა შეინიშნება. მარტო ვარ; არც ის ვიცი აქ რა მინდა. ცოტა შემცივდა ამ სიცარიელეში, ჰოდა მოძრაობა მზიანი მხარისაკენ დავიწყე.
ერთ მხარეს შენობას სულ შუშის კედელი აქვს, მის წინ კი კიბეა. კიბეზე ავედი, უმიზნოდ. ინტერესი მკლავს და მეც ყველაფერს ყურადღებიან მზერას ვავლებ. ავდივარ ნელა, ფრთხილად, ჩუმად და თან ყველაფერს ვათვალიერებ. საინტერესო ჯერ კიდევ არაფერი შემხვედრია. ყოველ სართულზე ერთი და იგივე სცენაა: დერეფნის ბოლოს ნიშანი კიდია, რომელიც მიუთითებს რომელი სართულია ამის შემდეგ. 
მეშვიდე სართულზე მომბეზრდა და უკან დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ აბრა შევამჩნიე განსხვავებული: "ერთი სართულით ზემოთ არის მე-9 სართულის ერთი სართულით ქვემოთ სართული". როგორ ფიქრობთ რას უნდა ნიშნავდეს ეს? რა თქმა უნდა მე-9 სართული არის ბოლო. მეც შესამოწმებლად გავაგრძელე გზა.
რაც უფრო ვუახლოვდებოდი ბოლო სართულს, მით უფრო ხმაურიანი მეჩვენებოდა ჩემი ნაბიჯები. არც მეშინოდა და არც რაიმე სხვა მიზეზი მაკავებდა, უბრალოდ ინტერესმა არ მომცა საშუალება უკან დავბრუნებულიყავი. 
გზადაგზა ვფიქრობდი, ნეტავ რა შენობაა? ან რატომ არის ცარიელი? დღეს რა დღეა? იქნებ შესვენების საათია? ან რა ხდება მაინცდამაინც ამ მე-9 სართულზე? რატომ ვარ მე აქ და არა სხვაგან, ნაცნობ ადგილას? ძალიან ბევრი კითხვა და ერთადერთი სურვილი მქონდა: გამეგო რა ხდებოდა ჩემკენ მომავალი ხმაურის ადგილას. 
მეცხრე სართულზეც განსხვავებული აბრა დამხვდა: "მე-9 ცა". გაგიკვირდებათ და კიბე გრძელდებოდა ზემოთ. დერეფნის ბოლოს კედელთან, ზუსტად წარწერის გვერდით ერთი გრძელფეხება სანათი იდგა. სანათის მარცხნივ კი კარი იყო. ხმაურიც აქედან მოდიოდა. უკანმოუხედავად, ძლიერი მაგრამ ფრთხილი ნაბიჯით წავედი კარისკენ. ცოტა შიშმა გაიღვიძა ჩემში, მაგრამ ამასთანავე ინტერესი გამი100მაგდა! მოუთმენლობა და შიში ერთდროულად დამეუფლა. მე კი ამ დროს გონებაში ყველანაირ სავარაუდო სურათს ვხედავდი. 
კართან ახლოს მივედი და შევამჩნიე, რომ კარს არ აქვს საკეტი; მხოლოდ ერთი მეტალის ფირფიტა - ზუსტად საკეტის ადგილას. მე არ დავიბენი და მოურიდებლად მივაწექი კარს. 
ოთახში მიმდინარე მოვლენებმა კარებშივე გამაშეშა...
არც თუ ისე პატარა ოთახის შუაში ოვალური ფორმის მაგიდა იდგა. კარის მოპირდაპირე მხარეს კედელზე დიდად ეწერა: "საქართველოს ისტორია" - თავისუფალი თემა." მაგიდის გარშემო 12 ცხოველი იჯდა. 9 მათგანს წინ ედო კალამი და ფურცელი. ზოგი წერდა, ზოგი ლაპარაკობდა, ზოგიც სხვის ჩანაწერში იხედებოდა. ჟირაფი, ლომი, დათვი, მგელი, ღორი, მელია, თხა, კატა და ცხენი როგორც ჩანს თავისუფალ თემას წერდნენ.
მაგიდის წაგრძელებულ თავში სამი მაიმუნი იჯდა, ფურცლებისა და კალმების გარეშე. იმის მაგივრად, რომ სიმშვიდე  და სამართლიანობა დაემყარებინათ ოთახში, ისინი უბრალოდ ისხდნენ...
არცერთ მათგანს არ შევუმჩნევივარ... გაოცებული ვიდექი კარში. უცებ მაიმუნების უმოქმედობამ ბრაზით ამავსო. ცხელ გულზე რაღაცის თქმა დავაპირე და... ხმა ვერ ამოვიღე!!!
პირში წყალი მაქვს ჩაგუბებული!!! მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ თევზი ვარ...

...ერთი უსიამოვნოდ შევკრთი საწოლში და რამდენიმე წამში გავაანალიზე, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო (ან იყო და ან არა...).