Friday, April 25, 2014

...და მაინც რა არის ადამიანის "სისულელის" მიზეზი?

ყოველთვის როცა რაიმე თემაზე ვფიქრობ და იმდენად საინტერესოა რომ სიამოვნებას ვიღებ ამით, ვხვდები რომ აუცილებლად უნდა დავწერო. მივდივარ მაგიდასთან, ვიწყებ წერას და ვხვდები, რომ ყველაფერი რაც საინტერესოდ მეჩვენებოდა უფერული ხდება... თავს ვანებებ წერას და ვშლი ჩემს ნააზრევს...

ახლა ვხვდები რატომ ხდება ასე. როდესაც პერსონაჟი ცნობილია მისი პიროვნება უფრო მეტს ამბობს მასზე, ვიდრე - მისი ფიქრები. არ ღირს საკუთარ თავზე წერა. მკითხველს მეტი თავისუფლება სჭირდება. მას უნდა, რომ თვითონ შექმნას პერსონაჟის ვიზუალიც და მისი შინაგანი სამყაროც. ყოველთვის ვიღაც უცნობი უნდა გააცნო მკითხველს. კითხვის მთელი სიამოვნებაც ხომ იმაშია, რომ შეგიძლია პირდაპირ შეაღწიო სრულიად გაუგებარი და არარსებული პიროვნების ფიქრებში. რაღაც ძალაუფლებასავითაა ეს სიამოვნება. ალბათ, ეს არის ადამიანის არსებობაში ყველაზე მიუწვდომელი მისწრაფება: შეაღწიოს სხვის გონებაში.

სწორედ ამ იდეით საზრდოობს ბევრი პროფესია. უპირატესობა ამ პროფესიებში იმ ზე-უნარით (სხვის გონებაში შეღწევის) დაჯილდოებულ ადამიანებს ენიჭებათ. მსახიობების, მწერლების, ფსიქოლოგებისა და იურისტების საქმიანობაც კი წარმოუდგენელია ამ არარეალური "ნიჭის" გარეშე. 

მე თუ მკითხავთ, ასეთი რამის არ მჯერა, მაგრამ თვითშთაგონების და რწმენის სიძლიერის მჯერა. ადამიანის ბუნებას შეუძლია შთააგონოს თავს, რომ თითქოს სხვების აზრებს კითხულობს ან რომ შეუძლია მათი ხასიათის ამოცნობა. ეს სრულიად შესაძლებელია და როცა ადამიანი თავდაჯერებულია სხვების დარწმუნებასაც მარტივად ახერხებს. მთელი ხელოვნებაც ესაა: მთავარია მტკიცედ გჯეროდეთ რასაც ამბობთ და სხვას თავისსავე ხასიათის დეტალებში ისე მარტივად შეაპარებთ თქვენს სიცრუეს, მას მთელი ცხოვრება ეგონება რომ თქვენ იგი გაშიფრეთ.

როგორც ჯერ კიდევ თვითგაუშიფრავი მარტივი სულიერი არსება, ვფიქრობ, რომ რეალობა რომელშიც ვცხოვრობთ სრულყოფილია, თითოეული ჩვენგანი სრულყოფილია, ჩვენი დაბადება და არსებობა სრულყოფილი მოვლენაა, ბუნებისგან შექმნილი სილამაზე სრულყოფილია თავისი არასტანდარტულობითა და არაპროპორციულობით.

ერთხელ მითხრეს, რომ თითქოს სილამაზე პროპორციულობით განისაზღვრება. ხშირად ვხვდები ასეთ ადამიანებს და მე მათ "სულელებს" ვუწოდებ. აქამდე ვამბობდი გაუნათლებლობის ბრალია მეთქი. მერე ვნახე გაუნათლებელი მაგრამ საინტერესო ადამიანების მთელი "ჯოგი". ახლა კი ვფიქრობ, რომ სულელი ადამიანები სრულყოფილებას საგნებში ეძებენ, მოვლენებში - რომლებსაც ადამიანები ქმნიან, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ტვინჩაკეტილობის ბრალია, და მეტი არაფრის. 

...და მაინც რა არის ადამიანის "სისულელის" მიზეზი?

"ადამიანი ხომ საკუთარ თავს მხოლოდ სხვასთან მიმართებაში აცნობიერებს. აი სწორედ ამის გამო ხდება აუტანელი სხვასთან ურთიერთობა." - მიშელ უელბეკი. ვეთანხმები. ვერცერთი ადამიანი აკონტროლებს თავის ყველა ქმედებას, ქმედებები კი მხოლოდ ურთიერთობებში ჩანს. სხვასთან თანაცხოვრებით შეგიძლია გაიცნო საკუთარი თავი, თუ ამის სურვილი გაქვს. მაგრამ იშვიათად თუ მინახავს ადამიანი ვინც კითხვებს საკუთარ თავს უსვამს. ხშირ შემთხვევაში, ადამიანთა უმრავლესობა სხვისი ფიქრებით მეტად ინტერესდება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს რამდენად უსაზღვროა მათივე გონებრივი შესაძლებლობები.

საკუთარ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ პატარაობიდანვე მაინტერესებდა სად გადიოდა ჩემი ლოგიკური აზროვნების ზღვარი. ამიტომაც უამრავ კითხვას ვუსვამდი თავს. მაშინ თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო სხვების უფრო მჯეროდა ვიდრე საკუთარი თავის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არასდროს მქონია შეგრძნება, რომ სხვები უფრო საინტერესოები იყვნენ. მუდმივად მქონდა განცდა რომ აუცილებლად რაღაც განსაკუთრებულს მივაღწევდი. სად, როგორ, როდის, რა სფეროში და სხვა მსგავს კითხვებზე რა თქმა უნდა პასუხები დროსთან ერთად იცვლებოდა, მაგრამ რწმენა კვლავ რჩება. ამ პროცესს თვითშთაგონებით ვუწყობდი ხელს და ხშირად ვკითხულობდი ისეთ წიგნებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად აღვიძებდნენ ჩემში მიზანსწრაფულობას. ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე, რომ ადამიანის ყველაზე ძლიერი სამი გრძნობა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში გამოცდის არის: ვნება, სიყვარული და რწმენა. 

ცხოვრებაში სიტყვებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანთა სიტყვებს, რომლებიც ნამდვილად გულისხმობენ იმას რასაც ამბობენ. 

აი ის სამი სიტყვა (გრძნობა) ჩემს გონებაში უკვე რამდენიმე წელია მუშავდება. მუდმივად ვფიქრობ ამაზე. სიმართლე გითხრათ, მჯერა რომ ეს ასეა. გარდა იმიას, რომ მათი სიძლიერის მჯერა, მე ადამიანის შინაგანი სრულყოფილებისაც მჯერა და მგონია, რომ ამ გრძნობებზე მაღლა დგას ადამიანის ის ძალა, რომელსაც შეუძლია განავითაროს ეს სამი გრძნობა. 

ჩემი თემიდან შორს წავედი, მაგრამ მაინც გეტყვით რომ ადამიანი სრულყოფილი არსებაა, ბუნებაზე მეტად სრულყოფილი და რეალობაზე მეტად რეალური, ფანტასტიკაზე მეტად საინტერესო და სრულიად ამოუხსნელი ფენომენი, რომელიც ვერასდროს ჩაწვდება საკუთარ თავს. 

სწორედ ეს არის ყველაზე დიდი რამ, რისკენაც ადამიანი მუდმივად უნდა მიდიოდეს - ამოიცნოს საკუთარი თავი. მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ამას მთელი ცხოვრება ცდილობენ, ახერხებენ სხვების გაგებას, სხვა ადამიანებთან საინტერესო ურთიერთობის დამყარებას, მხოლოდ მათ ესმით ბედნიერების არსი და მხოლოდ მათ შეუძლიათ სიცოცხლით ტკბობა. ისინი კი ვინც სხვების, თუნდაც საინტერესო, არსებით არსებობენ ვერასდროს იქნებიან ბედნიერები, ბედნიერების სრულფასოვანი მნიშვნელობით. მათ შეუძლიათ სიხარული და არა აღტაცება, მათ შეუძლიათ მიჩვევა და არა შეყვარება, მათ შეუძლიათ სიამოვნების მიღება და არა ვნების განცდა, მათ შეუძლიათ საუბარი და არა ურთიერთობა, მათ შეუძლიათ სილამაზის დანახვა და არა აღქმა. 

სულელ ადამიანებს ყველაზე მეტად რწმენა აკლიათ... საკუთარი თავის რწმენა. იმის დაჯერება, რომ შენ სხვაზე საინტერესო ხარ შეუძლებელია თუ შენს გონებაში არ ჩაიხედავ. ეს პატარა წრესავითაა, ვერც რწმენის გარეშე გადადგამ ნაბიჯს საკუთარი თავის ამოცნობისაკენ. ყველას თავისი საწყისი აქვს - ან ქათამი იყო პირველი, ან კვერცხი. მთავარია შენი სათავე აირჩიო და ლოგიკური ჯაჭვი გააგრძელო ადამიანის უსასრულო ფანტაზიის ამოსაცნობად.