თამარ ბურკაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი. წარმოსათქმელად დამღლელი სტატუსია, მაგრამ მაინც მსიამოვნებს ამის აღნიშვნა.
ალბათ ეს ჩემს ბევრ მეგობარს გაუკვირდა, მაგრამ ვაღიარებ, მიხარია რომ ამ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე.
რა ნაკლი აქვს თსუ-ს?
ყველაზე მოუწესრიგებელი ადმინისტრაცია ჰყავს. უმნიშვნელო საკითხზეც კი იმხელა პრობლემას გიქმნიან, რომ პრობლემის კი არა ვენების გადაჭრაზე იწყებ ფიქრს. ბიუროკრატია - რომლის არც თავი და არც ბოლო არ არის ცნობილი.
თითქმის არცერთი გამოცდა არ ტარდება განრიგის მიხედვით, თითქმის არცერთ კათედრას არ აქვს სტუდენტისთვის მისაწოდებელი მასალები დალაგებული და მოწესრიგებული, სილაბუსით დაწყებული სავალდებულო ლიტერატურით დამთავრებული.
სტუდენტების 90%-ს სულ არ აინტერესებს არც ეკონომიკა და არც ბიზნესი. მათი ლექციების 50%-ზე მეტი მაღლივი კორპუსის კიბეებთან არის გატარებული.
მერე რა, რომ ყველამ ვინც არ იცოდა სად ჩაებარებინა „ეკონომიურზე“ (ანუ მეცნიერება რომელიც გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ ეკონომიურად) ჩააბარა.
მოკლედ, ახლა შევწყვეტ უარყოფითი მხარეების ჩამოთვლას, ისედაც აშკარაა რომ ბევრია. ახლა გეტყვით რატომ მიხარია აქ სწავლა.
ჩემს უნივერსიტეტში მე თავისუფალი ვარ! არავის სჭირდება ჩემი დაპროგრამება. მე მიხარია, რომ ლექტორები ტვინს არ მიჭედავენ იმ იდეოლოგიებით რომლითაც (შეიძლება) თვითონ არიან შეპყრობილნი. მე მიხარია, რომ თუ მართლა მოწოდებული ხარ მეცნიერული განათლების მიღებისთვის არიან გამოცდილი და ყურადღებიანი ადამიანები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს ნებისმიერი საშუალებით მხარი დაგიჭირონ და დაგეხმარონ.
მე არ/ვერ დამცინიან (გაგიკვირდებათ და მსგავსი ფაქტები ხდება ზოგ უნივერსიტეტში) ჩემი კურსელები, იმის გამო რომ განსხვავებული აზრი მაქვს. მე შემიძლია ვთქვა რასაც სწორად მივიჩნევ და თუ მაქვს საშუალება არგუმენტებით დავასაბუთო. მე ვიცი, რომ ამისთვის არავინ ჩამწიხლავს!
ამ ყველაფერზე იმიტომ ავლაპარაკდი, რომ ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ და ვიცი იქაური მდგომარეობა. 17-18 წლის ახალგაზრდებს იმდენად ულაყებენ ჯერ დაუმჭკნარ ტვინებს, რომ დაზუსტებით გეტყვიან რომელი იდეოლოგიის მომხრეები არიან (ხშირ შემთხვევაში წარმოდგენა არ აქვთ რომელი სხვა იდეოლოგია რას წარმოადგენს).
დღეს ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოს მომავალმა სტუდენტმა თავისი მომავალი სასწავლებელი, იმიტომ რომ ახლა საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები ფუძნდება ორი უმთავრესი მიზენით, სტუდენტების ოჯახების „გაფრცქვნისთვის“ და სტუდენტების აზროვნების ზომბირებისთვის.
არ აჰყვეთ სხვის ნაფიქრალეზე მარტივად ცხოვრების ცდუნებას! თვალდახუჭული ნდობა საეჭვო საქმეა და მხოლოდ სულელების ცხოვრების შესამსუბუქებლად არის მოფიქრებული.
არ აჰყვეთ სხვის ნაფიქრალეზე მარტივად ცხოვრების ცდუნებას! თვალდახუჭული ნდობა საეჭვო საქმეა და მხოლოდ სულელების ცხოვრების შესამსუბუქებლად არის მოფიქრებული.
პ.ს. ეს სტატია ალბათ ბევრს გააცოფებს, მაგრამ მე ჩემი სიმართლით დამშვიდებული მზად ვარ ობიექტურად შევაფასო ყოველი განრისხებული ადამიანის კომენტარი!