Saturday, April 9, 2011

სისხლისფერ წარსულს დავაბრალოთ...


არ მინდა ეს თემა ისე დავიწყო როგორც იწყებს ყველა ადამიანი, რომელსაც კომუნიზმსა და საბჭოთა კავშირზე სურს რამის თქმა. ამიტომაც მე ჯერ იმას მოგახსენებთ რატომ გამიჩნდა სურვილი ამ თემაზე დამეწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ორი ათეული წელია რაც ვარსებობ, უკვე ბევრჯერ მომიწია ლექციის მოსმენა იმის შესახებ თუ რა საშინელება იყო კომუნიზმი, რა შეცდომები დაუშვეს და რა დანაშაული ჩაიდინეს ხელისუფალთ, რატომ და როგორ ანადგურებდნენ რწმენას, როგორ მუშაობდა ცენტრალიზებული დაგეგმვის სისტემა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ლექციებს, პროფესიული საუბრებს, სხვადასხვა თემის შესახებ დისკუსიას მუდამ ერთ წერტილში მივყავართ - საბჭოთა კავშირი.

აღნიშნულის მსგავსად, მოვხვდი ერთ საინტერესო შეხვედრაზე სადაც განიხილებოდა სტატია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. ამ სტატიაში უფრო მეტად ყურადღება გამახვილებული იყო საზოგადოების სოციალურ-ფსიქოლოგიურ შედეგებზე ვიდრე რამე სხვა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცვლილებებზე. სწორედ ამ სტატიაში ავტორმა გამოთქვა საინტერესო მოსაზრება იმის შესახებ თუ რა მოუტანა ქართველ ერს 2008 წლის ომმა. მისი თქმით ერი გათავისუფლდა სინდისის ტვირთისგან, რომელიც დაკავშირებული იყო აფხაზეთისა და ოსეთის წინაშე ეროვნულ მოვალეობასთან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ავტორის მოსაზრებით წლების განმავლობაში „აწუხებდა“ ქართველ ერს რომ აფხაზეთი და ოსეთი იყო გამოყოფილი საქართველოს ტერიტორიისაგან. მას შემდეგ რაც რუსეთის, მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი ქვეყნის, წინაშე დავმარცხდით, ჩვენ - ქართველ ერს - მოგვეხსნა ვალდებულება რომ ვიდარდოთ აფხაზეთსა და ოსეთზე. სინდისი გაგვითავისუფლდა და ახლა თავის გასამართლებელიც გვაქვს - თავს ზევით ძალა არ არის! დავმარცხდით ჩვენზე დიდ და ძლიერ სახელმწიფოსთან!

მე არ შემიძლია დაზუსტებით ვთქვა ასეა, თუ ქართულ სინდისს კიდევ აწუხებს ორი წითელი ლაქა საქართველოს რუკაზე, მაგრამ ვიცი რომ ამ საუბარმაც მიგვიყვანა იქ სადაც ყველაზე მეტი სიშავე და სიწითლეა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გაიხსენეს საბჭოთა კავშირი, ახსენეს საქართველო როგორც პოსტ-საბჭოთა სახელმწიფო (მეტკინა რაღაც გულში და მხოლოდ წარბებს შევამჩნევინე)... ამას მოჰყვა იმაზე საუბარი თუ როგორ დაამახინჯა ამ პერიოდმა ქართველთა ცნობიერება, მენატლიტეტი, და რომ ამას ბოლო მოეღება მაშინ როცა საბჭოთა კავშირში დაბადებული ყველა ადამიანი დატოვებს ამქვეყნიურ სამყოფელს. 

დაისვა შეკითხვები გამოსავალზე, მაგრამ გამოსავლის მიგნებას ხომ სჭირდება იმის ცოდნა თუ რა არის პრობლემა?! ექიმმა ჯერ უნდა გასინჯოს პაციენტი და შემდეგ გამოუწეროს დანიშნულება. ჩვენ პირიქით გვინდა გავაკეთოთ - ჯერ დანიშნულება მივიღოთ და მერე ვიფიქროთ რა იყო სამკურნალო.

მოდით ასე ნუ მოვიქცევით და ვიკითხოთ რა არის ჩვენი პრობლემა. წლებია ვცდილობთ ამ ურჩხულს(საბჭოეთს) თავი დავაღწიოთ. მიუხედავად იმისა რომ თავისუფლები ვართ ფორმალურად, მაინც ვერ ვთავისუფლდებით გონებრივად. ჩვენი აზროვნება კვლავაც ზის იმ ჩარჩოებში, რომელშიც „წითლებმა“ ჩატენეს გასულ საუკუნეში.



რატომ გვქვია პოსტ-საბჭოური ქვეყანა? რატომ შემოგვრჩა არასწორი და დაუსაბუთებელი დამოკიდებულება კონკრეტული მოვლენების მიმართ? რატომ ვერ ვეჩვევით თავისუფლებას? იმის მაგივრად, რომ გვამს სათანადო პატივი მივაგოთ, დავმარხოთ და ხელები კარგად დავიბანოთ რომ მომავლის საქმეების კეთებას შევუდგეთ, წარსულის ლეშში ვიქექებით სისხლმიმხმარი ხელებით. ვერაფრით გადავწყვიტეთ ამ უსახური დროის მიტოვება და ცხოვრების გაგრძელება.

როცა ადამიანს სურს წინსვლა ცდილობს მოშორდეს წარსულს; რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვით. ჩვენ უკვე ვიგლოვეთ, საკმარისად ვიქექეთ იმ პოლიტიკაში რომელსაც ვერც თავი გავუგეთ და ვერც ბოლო. ისტორიის შესწავლის მთავარი მიზანი ხომ ის არის, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. დაე გამოიკვლიონ ისტორიკოსებმა ის რაც მათი საქმეა ჩვენ კი ვისწავლოთ ეს ისტორია და ვიცხოვროთ ისე, რომ მომავალს ვუყურებდეთ და არა წარსულს. ზურგი გვაქვს შექცეული მომავლისთვის და წარსულის გლოვით გაშავებულ დღეებს შევცქერით ცრემლიანი თვალებით. გამოვიყენოთ ის ცოდნა რასაც ისტორია მოგვცემს და ვეცადოთ ისევ არ ჩავვარდეთ უფსკრულში საიდანაც საუკუნეები ვერ ამოვალთ.

ჩვენ კი ვკითხულობთ რატომ ვერ მივდივართ წინ და რატომ ვართ ჩამორჩენილი ცხოვრების რიტმსო?! ხან რას ვაბრალებთ ხან - რას, უმეტესწილად - მთავრობას!

გლოვა ზოგისთვის კიდევ ერთი პრობლემიდან არის გამოსავალი - სიზარმაციდან. ვამბობთ - „სად გვცალია ახლა იმისთვის, რომ რამე კონკრეტული ვაკეთოთ?! უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი, უნდა შემოვიერთოთ ოსეთი.“ დრო კი მიდის და ნამდვილად ვიცი, რომ არ დაგველოდება. უფროდაუფრო ვშორდებით ცხოვრების ამჟამინდელ ტემპს, ვშორდებით სხვა ქვეყნებს. არ ვცდილობთ, რომ ისე მოვიქცეთ როგორც უამრავმა ქვეყანამ დააღწია თავი კრიზისებს, გარდამავალი პერიოდის თანმხლებ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. თავიანთი მონდომებითა და დაუზოგავი შრომით ააშენეს ოცნების კოშკები; ის რაზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება მათთვის (პოსტ-კომუნისტური ქვეყნებისთვის), ახლა რეალობაა.

რაც ისტორიას კარგად ახსოვს და რაც ყველა ადამიანას უნდა ესმოდეს ეს არის, რომ გაუნათლებელი და ზარმაცი ხალხი ვერასდროს იმარჯვებდა მტერთან (პირველ რიგში საკუთარ თავთან). ჩვენ კი უბრალოდ შეგვიძლია ყველაფერი „სისხლისფერ“ წარსულს დავაბრალოთ!










No comments:

Post a Comment