Tuesday, July 19, 2011

პროტესტი ძველი მიკროავტობუსების ახალ ფასს!

საოცარი დღეა! დილიდან არ მიმართლებს... მაგრამ, როგორც ყოველთვის, არ ვიმჩნევ.

ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველასთვის საინტერესო რაც მოხდა, მგზავრობის პროცესი იყო.

ძალიან მეჩქარებოდა სამსახურში. მართალია, მას შემდეგ, რაც გავიგე რომ ძველი "მარშუტკების" მომსახურებაც 80 თეთრით შეუფასებია ზოგ ხაზს, გადავწყვიტე რომ სამარშრუტო ტაქსებით აღარ ვისარგებლებდი. ეს გუშინ იყო. დღეს სიჩქარის გამო მაინც მომიწია #149-ის გაჩერება.

ასვლამდე დავინახე წარწერა "80 თეთრი", რომელიც უჯრიანი რვეულის ფურცლის მეოთხედ ნაგლეჯზე ლურჯი კალმით იყო შესრულებული. ვიფიქრე, პროტესტის ნიშნად ვეტყვი უსინდისოები ხართ და ჩავალთქო, მაგრამ ისეთი აურზაური იყო ხალხში რომ ვიფიქრე რაიმე საინტერესოს მოვისმენდი.



"თურმე უგულავამ ხელწერილი დააწერინა მძღოლებს ფასის მომატებაზე..."


ჰოდა, მეც უხმოდ ავედი და გბრაზებულ ხალხთან ახლოს დავჯექი რომ ყველა სიტყვა კარგად მომესმინა.

თურმე რა მომხდარა, რომელიღაც სახელმწიფო უწყებას გადაუწყვეტია, რომ ყველასთვის ეიძულებინა ფასის მომატება. მძღოლის განცხადებით "ასე გვითხრეს, თუ არ მოამატებთ ფასს იმასაც ვერ მიიღებთ რასაც იღებდით აქამდეო!"

შეგახსენებთ, რომ #4 ახალი სამარშრუტო ტაქსებით ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობა 80 თეთრი გახდა. გუშინ "რადიო კომერსანტის" ცნობით კიდევ სამმა ხაზმა 147, 100 და 128-მ გაზარდეს საფასური. დღეს 149-საც გაუზრდია და გამორიცხული არ არის სხვა ხაზებიც მსგავსად მოქცეულიყვნენ.

"დამატებული 30 თეთრი კონდიციონერის ყოფილა..."


ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ პირველი ოცდათექვსმეტი სამარშრუტო ტაქსის შემოყვანის დღეს ვმგზავრობდი 137 ნომერი "მარშუტკით", მძღოლი ამბობდა "აი ნახავთ თუ სხვა ხაზებმაც არ დააწესონ ახლა ფასი, მაგრამ ჩვენ, რაც უნდა მოხდეს, ფასს არ ავწევთ. ასე გვაქვს ნათქვამი და შევასრულებთ." მაშინ ვფიქრობდი, რატომ უნდა გაზარდონ თუ ახალ მანქანებს არ შემოიყვანენთქო... (ცოტა არ იყოს მიამიტური აზრები მაწუხებს ხოლმე)

მიუხედავად იმისა რომ სააგენტო "პირWელს" "თბილისის მიკროავტობუსის" პრეს-სამსახურში განუცხადეს, კომპანია მგზავრობის ღირებულებას მხოლოდ ახალი, ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსებზე განსაზღვრავსო და თბილისის მერიაში ოფიციალური განცხადებაც გავრცელდა იმის შესახებ, რომ მგზავრობა 80 თეთრი მხოლოდ #4 სამარშრუტო ხაზზე იქნებოდა, ხოლო სხვა ხაზებს ეს გაძვირება არ შეეხებოდა, როგორც ვხედავთ, ვიღაც იტყუება!

მძღოლები - კომპანიას ან სახელწიფო სტრუქტურას, სახელმწიფო სტრუქტურები და კომპანია მძღოლებს აბრალებენ. ყველაზე მეტად კი მოსახლეობა ზარალდება.



"ბატონი უგულავა"

მე მიმაჩნია რომ მერია, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ცვლილებაში, უნდა ჩაერიოს და გაარკვიოს სიტუაციის მიმდინარეობა; ისევდაისევ საკუთარი სტატუსის შენარჩუნების მიზნით. უნდა გაუქმდეს ახალი ფასები ძველ მიკროავტობუსებზე და რაც შეიძლება სწრაფად მომარაგდეს "თბილისის მიკროავტობუსი" ახალი მანქანებითა და ბილეთის აპარატებით. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც უფლება აქვს შეღავთიანი ფასით იმგზავროს, გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობა, რასაც ახლა ვერ ახერხებს ბილეთის აპარატის უქონლობის გამო.





პ.ს. ერთი საინტერესო ფრაზა მესმის რამდენიმე დღეა ყველა სატრანსპორტო საშუალებაში - "მეტის ღირსები ვართ! ხმას არ ვიღებთ არაფერზე!"

Sunday, June 26, 2011

ვუთხარით არა ფიქრს!

რთულად არის საქართველოს მომავლის საქმე!
საკმაოდ არანორმალურ საკითხის მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. შიძლება ვიღაც თვლიდეს, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მე გაოგნებული ვარ ქართველი ახალგაზრდების ფანატიკოსობით.

სანამ საკითხს ჩავუღრმავდები ერთ განმარტებას მოგაწოდებთ: ფანატიზმი – ფანატიკოსის აზრები და მოქმედება; რაიმე რწმენით, რელიგიით ან/და სხვა იდეით უკიდურესი გატაცება; ბრმადმორწმუნეობა (წყარო - უცხო სიტყვათა ლექსიკონი).

"ჩვენ არ გვინდა ფიქრი! ეს აღზრდის ახალი წესია."


„ქართველი კაცი გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული ხასიათით. ძალიან ხშირად ჩვენ უკიდურესობაში ვვარდებით: ან რაღაც საოცრება უნდა გავაკეთოთ ან ძალიან ცუდი საქმე უნდა ჩავიდინოთ. ასეთი დიდი ამპლიტუდა აქვს ქართველ ადამიანს მოქმედებისა და აზროვნების.“ ასე დაიწყო უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საკვირაო ქადაგება 2004 წელის 28 ნოემბერს წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში.

ეს სენი ნამდვილად შეგვეყარა ერს. როდის და საიდან არ ვიცი, მაგრამ სისხლში გვაქვს გამჯდარი საკითხისადმი უაზროდ ჯიუტი დამოკიდებულება. სიჯიუტე მსუბუქი ნათქვამია, მე ვირობას უფრო ვხედავ მსგავს საქციელებში. დაუფიქრებლად მივყვებით და ვენდობით ეკონომისტებს, ფილოსოფოსებს, სამღვდელოებას, კინო კრიტიკოსებს, მშობლებს, მეგობრებს და კიდევ ბევრ სხვა პიროვნებას.

„ვირობის“ გამო რომ არ გამიბრაზდეთ, განგიმარტავთ: ვირობაში დაუფიქრებელი სიჯიუტე ვიგულისხმე; ხოლო მაშინ, როდესაც ადამიანი ფიქრობს, სიჯიუტეს პრინციპულობა ცვლის, რაც ხშირ შემთხვევაში მისაღები და დასაფასებელიც კია.

საქმე ისაა, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვხვდები ჩემი ნაცნობების (ახალგაზრდების) ფანატიკურ დამოკიდებულებას რეალური პიროვნებების მიმართ. რელიგიური ფანატიზმი ასე თუ ისე მისაღებია, იქედან გამომდინარე, რომ სხვა გზა არ გვაქვს: თუ გვინდა რომ გვწამდეს უნდა დავბრმავდეთ და ღვთის დედამიწაზე ნახვას არ უნდა ველოდებოდეთ.

რაც შეეხებათ რეალურ პიროვნებებს, მათ მიმართ ფანატიკური დამოკიდებულება მაგიჟებს. როგორ წარმოგიდგენიათ: ადამიანი, შენნაირი, შენ ახლოს მცხოვრები, შენ ენაზე მოსაუბრე და შენი ეპოქის ერთ-ერთი წარმომადგენელი რომელსაც თვალდახუჭული ენდობით; ადამიანი რომლის ყოველ სიტყვას დაუფიქრებლად ირწმუნებთ;
დღეს ახალგაზრდებში მოდაშია იყოს პატრიარქის ფანი, კახა ბენდუქიძის ფანი, მიშას ფანი, გიგი თევზაძის ფანი (და პირიქით ყველა მათგანის შემთხვევაში) და კიდევ უამრავი სხადასხვა ცნობილი პიროვნების ფანი თუ მოწინააღმდეგე.

მათავარია იყოს რადიკალური (ვირი), მთავარია იფიქროს რაც შეიძლება ნაკლები (ანუ საერთოდ არა!), მთავარია დატოვოს თავდაჯერებული და ამაყი (იმით რომ ამ კონკრეტულ ადამიანს ვერ იტანს ან გიჟდება ისე უყვარს) ადამიანის შტაბეჭდილება, მთავარია არ მოისმინოს განსხვავებული აზრი და რაც ყველაზე, ყველაზე მთავარია გაიღიმოს როდესაც მისი საყვარელი (ფანატიზმის ობიექტი)  პიროვნება თუნდაც სრულ სისულელეს ამბობს!

კითხვა: რატომ?

გაგიჟდით? ამ კითხვის დასმა სრულიად უადგილოა. პასუხს ვერ მიიღებთ. სიყვარულს არ სჭირდება ახსნა რატომ.

აქ კი შეცდომის კვალი შეიძლება დაიჭირო ადამიანმა. სიყვარული ვიცი მე მეგობრის, მშობლების, შეყვარებულის ანუ მათი ვისაც იცნობთ და შეხება გაქვთ. ადმიანის მიმართ სიყვარულს, რომელმაც თავისი ჭკუით, განათლებით, საქციელით და სხვა ღირსებებით მოგხიბლათ, აღწერა და დასაბუთება აქვს! ეს დასაბუთება, იმ პიროვნების ღირსებათა ჩამონათვალია.

დასკვნა: გვიჭირს! გვიჭირს ქართველ ახალგაზრდებს! როცა სახალხოდ ვაცხადებთ საზოგადო მოღვაწის მიმართ ჩვენი ფანატიკური სიყვარულის შესახებ, ცოტათი მაინც უნდა შეგვრცხვეს! არ შეიძლება რომ გვიყვარდეს თვალგახელილებს და გვჯეროდეს მათი სიტყვის, გააზრების შემდეგ.

რთულად არის საქართველოს მომავლის საქმე-მეთქი თავიდანვე აღვნიშნე. ყველაზე დიდი პრობლემა ისევ დაუფიქრებლობაა; ზერელე დამოკიდებულება საკითხების მიმართ ანგრევს ყველაფერს რაც კი გაგვაჩნია.

განაცხადი: დღეს მოაზროვნე და პატივცემული საზოგადოების წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდების თავიანთ აზრზე აღზრდით არიან დაკავებულნი.

"იქით მიდის ჩვენი ეტალონი, წავყევით ყველანი ერთად!"





პ.ს. ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, მათ ვინც ამ ბლოგს კითხულობს ვურჩევ (ვთხოვ) დაიჯერონ სიმართლე და არა ის რასაც მათი საყვარელი ადამიანი ამბობს, როგორც იტყვიან "ასი ყური და ასი თვალი უნდა გამოიბათ" იმისთვის რომ პიროვნებებად დარჩეთ!