Tuesday, March 22, 2011

იყო და არც არაფერი ყოფილა რა!


იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ქვეყანა. ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ყველაზე კარგები, ყველაზე კეთილები, ყველაზე ლამაზები, ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე ნიჭიერები, ყველაზე მართლები. ქვეყანას მისივე მცხოვრებნი საქართველოს უწოდებდნენ, ხოლო თავიანთ თავს - ქართველებს.

ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანას ესტუმრა უცხოელი. მას გაგონილი ჰქონდა ლეგენდა ქართველებზე, სახელწოდებით - "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ!". ძალიან დაინტერესედა ამ ხალხით და გადაწყვიტა თავისი თვალით ენახა ის სასწაული რასაც საქართველო ერქვა.



უცხოელი მალევე დაუმეგობრდა ქართველებს (მიუხედავად იმისა რომ ბევრი მათი საქციელი აკვირვებდა). ერთხელაც, ნამდვილ ქართულ ტრადიციულ ოჯახში ასწავლეს ქართული თამაში, რომელსაც თურმე საუკუნოვანი ისტორია ჰქონია. ამ თამაშს ადრე ერქვა "სირცხვილია" ახლა კი სახელი შეუცვლიათ და დაურქმევიათ "ტეხავს". უკვე კარგად შეზარხოშებულმა სტუმრებმა და მასპინძლებმა აუხსნეს უცხოელს თამაშის წესები და პირველობაც დაუთმეს. თამაშში გაიმარჯვებდა ის ვინც ყველაზე მეტ რამეს ჩამოთვლიდა რაც "ტეხავს" ქართველისთვის და მხოლოდ ქართველისთვის. მაგრამ უცხოელმა ითხოვა მისთვის გამონაკლისი დაეშვათ და მან ჩამოთვალა ის რაც "არ ტეხავს" ქართველისთვის. გამონაკლისი დაუშვეს და თამაშიც დაიწყო!

უცხოელი - "თქვენთვის არ ტეხავს თუ აივნის დაგვისას ეზოში გადაყრი ნაგავს, თუ კონტროლიორს ვერ ხედავთ არ ტეხავს თუ ავტობუსში ბილეთს არ აიღებთ, არ ტეხავს თუ კრედიტით იყიდით ჰამერს, არ ტეხავს თუ შობის ღამეს ტაძარში პაემანზე წახვალთ და არც ის ტეხავს თუ მთვრალიც იქნებით და მოფერებასაც არ მოერიდებით, არ ტეხავს თუ პრეზიდენტს ლანძღავთ სახლში და მერე მეგობრის ხათრით არჩევნებზე 5-იანს შემოხაზავთ, არ ტეხავს თუ გაჩერებებზე ბანერებს დახევთ ან შუშებს ჩაამსხვრევთ, არ ტეხავს თუ ყველას და ყველაფერს ერთ ტაფაზე მოხრაკავთ და მიწასთან გაასწორებთ მთავრობას (მიუხედავად იმისა რომ რაღაც რეფორმები მოგწონთ), არ ტეხავს თუ მმკ-სი უფრო გჯერათ ვიდრე იმის რაც ბიბლიაში წერია (მმკ-ც ხომ იმას ქადაგებს რაც იქ წერია, აი იმ წიგნში რომელიც არ წაგიკითხავთ), არ ტეხავს თუ ჯვრისწერიდან 7 თვეში წყვილს მშობლის სტატუსი ენიჭიება და ერთ წელიწადში ოჯახი ინგრევა (მთავარია პატიოსნად წავიდეს გოგო ოჯახიდან), არ ტეხავს თუ ბიჭი ჰიგიენას ყურადღებას არ აქცევს - კაცი უნდა იყოს კაცურიო - თქვენ ამბობთ ხოლმე, არ ტეხავს თუ თქვენი ვაჟი 4 კურსიან სწავლებას 6 კურსში ხურავს - მთავარია დიპლომი აიღოსო - ესეც თქვენგან გამიგონია, არ ტეხავს თუ პატრულს ვერ ამჩნევთ და ღვედს არ იკრავთ, არ ტეხავს თუ გოგოს ულვაშები აქვს, არ ტეხავს თუ არ იცი რა გინდა აკეთო ცხოვრებაში და ამიტომაც თხოვდები, არ ტეხავს თუ თქვენს უმშვენიერეს ქართულ ენას ამახინჯებთ და ჟარგონებით ავსებთ (ძალიან მიკვირს რატომ იქცევით ასე), არ ტეხავს თუ ბაბუის ძმის ცოლის (ანუ რძლის) დის შვილს პატარაზე ხელს წაუკრავთ საქმეში მაშინ როცა ბევრად ნიჭიერები უკან რჩებიან - მაინც ახლობელიაო ამბობთ ხოლმე, არ ტეხავს თუ არ იცით როცა რაღაცას გეკითხებიან, მაგრამ საკვირველი ისაა რომ მეორედ რომ გკითხავენ იმავეს არც მაშინ ტეხავს თუ არ იცით, არ ტეხავს თუ ცხოვრებაში არაფერი გაგიკეთებია და მაინც მაგარი ტიპი გგონია თავი იმიტომ რომ ფულიანი მამიკო გყავს, არ ტეხავს თუ თიკო სადუნიშვილის გადაცემას უყურებთ და თავს იმართლებთ - ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს ადამიანიო, არ ტეხავს თუ მაია ასათიანის შოუზე ტირით, არ ტეხავს თუ არ წაგიკითხავთ და აკრიტიკებთ ან არ გინახავთ და ლანძღავთ, არ ტეხავს თუ ვიტრინაში დადებული ხელჩანთა არ მოგწონთ, მაგრამ როცა მას სხვის მხარზე ხედავთ კვდებით ისე გინდათ რომ თქვენი იყოს, არ ტეხავს თუ კაცი ღალატს არ მალავს (მგონია რომ რკინის ცოლები გყავთ), არ ტეხავს თუ საგარეო საქმეთა მინისტრი არ მოგწონთ და პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვთ.

მინდა აქ შევჩერდე იმიტომ, რომ ასე კიდევ უამრავს ვიტყვი და დილამდე მოგიწევთ ჩემი მოსმენა. მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრათ - მგონია რომ ძალიან უკომპლექსოები ხართ, არაფერი არ ტეხავს თქვენთვის!

ან ამპარტავნების ბრალია, ან უსირცხვილობის. მაგრამ თუ თქვენს შესახებ ლეგენდის სახელს გავიხსენებთ, ვფიქრობ, რომ სიამაყე ამპატრავნებაში გადაგეზარდათ."

როცა უცხოელი საუბარს მორჩა, მიმოიხედა და მიხვდა რომ მხოლოდ 2-3 ადამიანი უსმენდა. ზოგი სვამდა, ზოგს ეძინა ბახუსში, ზოგს მოუსვენრობა აწუხებდა და ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, ზოგიც ალკოჰოლნარევ სიყვარულს უხსნიდა ერთმანეთს (როგორც იციან ხოლმე ქართველებმა). ისინი კი ვინც უსმენდნენ პირდაღებულები და გაოგნებულები იყვნენ. მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ - "ნეტავ ეს ლანძღვაა თუ დარიგება, როგორ უნდა ვუპასუხოთო?!"

მთელი ჩემი სათქმელი ამ უცხო პირმა თქვა. მე მხოლოდ ამპარტავნების განმარტებას მოვიყვან: ამპარტავნება ესე არს თავის თავისა და თვისის საქმის მომწონებელი და დიდობის მოყვარე და უდიდესობის მდომი, უმსგავსო გულმაღლობა და სწავლებათა თაკილი.

ჭირი იქა, ლხინი აქა! ქატო იქა, ფქვილი აქა!

No comments:

Post a Comment