Tuesday, March 22, 2011

საახალწლო კურიოზები...


ღრმა ბავშვობიდან, როცა ახალი წლის დადგომა ბედნიერებაზე მეტს ნიშნავდა, ტკბილეულის და საჩუქრების გარდა დიდი ინტერესით ველოდებოდით "მნიშვნელოვან" საახალწლო გადაცემებს.

მე ბედკრული საქართველოს შვილი ვარ! 1991 წელს დავიბადე მაშინ, როცა სამშობლო პოლიტიკური გადატრიალების ქაოსში სულს ღაფავდა. ბავშვობაც ასეთივე არაბავშვური გვქონდა 91-იანელებს. მაშინ ჩვენ ამას ვერ ვგრძნობდით, ამ ტრაგედიებმა ჩნევს მშობლებზე გადაიარა.

გავიდა დრო!

ოცდამეერთე საუკუნეში სწრაფად ვითარდება ყველაფერი და ამიტომაც ბევრად მეტი რამ შეიცვალა XXI საუკუნის პირველ ათწლეულში ვიდრე XX საუკუნის ბოლო ათწლეულში. საქართველომ ნახა რევოლუცია, ომი, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისები; მოკლედ, ან უფალი გვცდის ან ბედი არ გვწყალობს (ვისაც რისი სწამს იმის მიხედვით განსაჯოს). ეს ყველაზე მარტივი პასუხია კითხვაზე - "რა ჭირი გვჭირს?" ცოტა უფრო რეალისტურად თუ მივუდგებით ჩვენი სამშობლოს განსაცდელების უსასრულო ჩამონათვალს და დავსვამთ იმავე შეკითხვას, დარწმუნებული ვარ რომ პასუხი ბევრად კომპლექსური იქნება ვიდრე უბრალოდ ბედს მინდობილი საზოგადოების ხელჩაქნეული კომენტარია.

მაშინ დავფიქრდეთ, რა სჭირდება საქართველოს რომ აღმავლობის ნაპირს მაინც მიადგეს. პოლიტიკური ცვლილებები? არამგონია - ეს ისედაც იმდენად ხშირია, რომ არასტაბილური გარემო უფრო გვასუსტებს. ეკონომიკური წინსვლა? კი, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ გარემოში როგორ?! თავისუფლება? რა თქმა უნდა! მაგრამ რა არის თავისუფლება?! (ამ სიტყვის ფილოსოფიურ განმარტებას თუ დავიწყებთ მეტად დაგვაბნევს). მე მაინც ვფიქრობ, რომ ერი, ქართველი ხალხი უნდა იყოს მზად აღმავლობისთვის. ალბათ, სამოქალაქო საზოგადოების სრულყოფა იქნება პირველი დიდი ნაბიჯი; და საზოგადოებას რა სჭირდება იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოებად?

აქ უკვე - სდექ!

მე პირადად პასუხის გაცემის მეშინია. იმდენი რამ გვაკლია, რომ ჩვენ ადგილას ერი ეროვნულობას დაკარგავდა. მაგრამ ჩვენ მაინც რაღაც გვაკავებს - "მამული, ენა, სარწმუნოება" (ალბათ ეს).

მოდით ერთად ვიფიქროთ - მე რომ საზოგადოება ვიყო, რა დამჭირდებოდა განვითარებისაკენ სრულყოფილი წინსვლისათვის? 1. განათლება, 2. თავისუფალი ნება, 3. სიტყვის თავისუფლება, 4. ინფორმირებულობა, 5. სტაბილური ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო (და კიდევ მრავალი სხვა მცირე თუ დიდი "დეტალი").

არ მინდა ამ მოკრძალებულ Note-ში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვილაპარაკო (უბრალოდ შეუძლებელია) ამიტომაც მხოლოდ მეოთხე პუნქტზე დავაფიქსირებ ჩემს აზრს.

ინფორმირებულობა, ამ შემთხვევაში, მოიცავს ადამიანის ყველა იმ უფლებათა ერთობლიობას, რომელიც თავისუფლებას ანიჭებს საზოგადოების წევრებს მიიღონ უტყუარი და შეუზღუდავი ინფორმაცია ნებისმიერი ისტორიული თუ მიმდინარე მოვლენის შესახებ.

საზოგადოების განვითარებაში და თითოეული ინდივიდის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეაქვს მედიას. ტექნოლოგიების ხანაში მცხოვრებნი მთელი არსებით ვართ ადღვებილები მედიის ყოველდღიურობაში. ტელევიზიით, ინტერნეტის საშუალებით, რადიოს საშუალებით (როცა გზაში ვართ მაშინაც არ ვკარგავთ დროს რომ არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს) ვეცნობით ცხელ-ცხელ ამბებს (ზოგჯერ იმდენად "ცხელს" რომ ამ ისტორიის გავრცელებისგან თავს ვიკავებთ პირი რომ არ დაგვწვას).

ეს ყველაფერი მშვენიერია. თუ ინფორმაცია გაქვს შეგიძლია მოვლენებს შენებური ანალიზი გაუკეთო და წარმოდგენა შეიქმნა სად ცხოვრობ ან რა შეიძლება მოხდეს ხვალ. (მოყვანილი მაგალითები (I)(II) არ შეესაბამება სიმართლეს, ამის მსგავსი უმრავი გვინახავს ტელევიზიით. უბრალოდ არ მინდა, რომ მიკერძოებულად ვილაპარკო რომელიმე მოვლენის შესახებ) (I)მაგრამ ჯერ სად ხარ, დილით გაკეთებულ განცხადებას, რომ ფინანსურმა პოლიციამ ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესი გადასახადების დამალვაში ამხილა და 50000 ლარის ოდენობის თანხა მიითვისა, მოჰყვება შუადღის გადაცემა სადაც თანხის ოდენობა იზრდება 70000-მდე (ალბათ მითვისებული გადასახადები თავიდან დაითვალეს და 20000-ით მეტი აღმოჩნდა ;) ). მაგრამ მაინც უნდა უყურო საღამოს გადაცემას იმიტომ, რომ თანხა კვლავ იცვება და შენც ვალდებული ხარ მოვლენების ეპიცენტრში იყო და კონტროლი არ დაკარგო ინფორმაციაზე.

(II)რამდენჯერ სცადა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ მოლაპარაკების "მაგიდასთან დამჯდარიყვნენ" პოზიცია და ოპოზიცია და მიეღოთ გადაყვეტილება საქართველოს სასიკეთოდ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი კრიტიკა და უკმაყოფილება თავიდან ბოლომდე მიმართულია ქართული მედიისაკენ, მედიის წარმომადგენლებისაკენ, ძალით ჟურნალისტებისაკენ, ყოვლისმცოდნეებისაკენ(?)...

ინფორმირებულობა არ არსებობს საქართველოში და ნუ მივიკერებთ ტიტულს დემოკრატიული საზოგადოებისა ან სამოქალაქო საზოგადოებისა. ჩვენ არ ვიცით რა არის სიტყვის თავისუფლება. ამ ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას ძალიან უცნაური განმარტება აქვს - თქვი რაც ენაზე მოგადგება, ოღონდ თქვი! აქ ჟურნალისტები ჰქვიათ მათ ვინც ქართული ენის უპატივცემულობით გამოირჩევიან, მათ ვინც კრიტიკულს უტაქტოში ურევენ, მათ ვინც ინფორმაციას თვითნებურად ცვლიან... მაგრამ ასრულებენ "უმნიშვნელოვანეს" პირობას - ამობობენ რაც ენაზე მოადგებათ! აკრიტიკებენ იმას რაც არ წაუკითხავთ და არ უნახავთ! მაგრამ მერე რა, მთავარია აღიარებენ - "არ წამიკითხავს, მაგრამ ვფიქრობ რომ..." მხოლოდ ღმერთმა იცის რას ფიქრობენ იმიტომ, რომ გადმოცემის უნარიც შეზღუდული აქვს ბევრ მათგანს. ისე სწრაფად გვიყვებიან სიახლეებს, რომ არათუ გაანალიზების საშუალება, არამედ აღქმის საშუალებასაც არ გვაძლევენ. თუმცა რა გასაკვირია, ცხელ-ცხელ ამბებს გვიყვებიან და თუ ჩქარა არ ილაპარაკეს პირი დაეწვებათ.

ახლა ვიკითხოთ თავიდან "რა ჭირი გვჭირს?" - არ ვიცით რა ხდება გარშემო, დახშული გვაქვს ყურები! თუ მედია არ გვაწვდის ზუსტ და საიმედო ინფორმაციას ჩვენ როგორ მოვიქცეთ? ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, და არც ის ვიცი რატომ არ რეგულირდება კანონით მედიის საშუალებით გაშუქებული მოვლენების სისწორე და მართებულობა. ვის უნდა/აწყობს საზოგადოების სიყრუე? იქნებ არც არავის აწყობს და უბრალოდ არც არავის ადარდებს... ღმერთმა არ ქნას ასე იყოს, სჯობს გვებრძოდნენ და იარაღით იარაღიანს დავუპირისპირდეთ (გამარჯვების საშუალება მაინც გვექნება), ვიდრე ხელფეხი შეგვიკრან და უმოძრაოდ ჩაგვყარონ მდინარეში, რათა მათ დინებას ვივყვეთ.

დიდი ინტერესით ველი 2010 წლის საახალწლო კურიოზებს. მაინტერესებს რაღა თქვეს ჩვენმა "ჟურნალისტებმა" იმაზე უფრო სასაცილო (ან სატირალი) რაც ეთერში გადიოდა მთელი წლის განმავლობაში.

პ.ს. რა თქმა უნდა, არსებობენ ძალიან ღირსეული და განათლებული ჟურნალისტები ანუ ნამდვილი ჟურნალისტები, რომელთაც არ ეხებათ ჩემი სიტყვები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ეს ხალხი შეძლებს ჩვენამდე ინფორმაციის დაუმახინჯებლად მოტანას და ეს ხალხი (გვ)ასწავლის მომავალ თაობას, 91-იანელებს, როგორ უნდა მოვიქცეთ.

No comments:

Post a Comment