Tuesday, March 22, 2011
მობილური ოპერატორები – “სასიყვარულო სამკუთხედი”
სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, დედაჩემმა მიიღო მესიჯი მობილური კომპანიისგან, რომელიც აცნობებდა სასიხარულო ამბავს, რომ მას დაერიცხა “ერთგულების ერთი წუთი” უფასოდ სასაუბრო მხოლოდ მისივე ქსელში. მაგთის მომხმარებელი თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო და არასდროს მიუღია რაიმენაირი საჩუქარი. ახლა კი ამ „სიხარულმა“ გადააწყვეტინა რომ ქსელი შეიცვალოს.
მაშინ როცა კომპანია ბილაინის მარკეტინგის სამსახური თავს არ ზოგავდა ახალი სერვისების შემოღებისათვის და უფასო წუთებს თითქმის ყოველ კვირაში ერთხელ მირიცხავდა, მაგთიმ და ჯეოსელმა ერთმანეთს ხელი გადახვიეს და აუყვნენ ზრდადი ტარიფების მაცდურ გზას. წლების განმავლობაში ერთად ადგენდნენ ფასებს ბაზარზე, სანამ კიდევ ერთი მობილური ოპერატორი არ გამოჩნდა. სასიყვარულო სამკუთხედს ჰგავს, არა?! ორი ადამიანის ურთიერთობაში მესამეს ჩარევა განხეთქილებას ნიშნავს. მთლად ასე ვერ მოხდა, იმიტომ რომ „გოგო“ დამთმობი აღმოჩნდა. გოგო არ ვიცი, მაგრამ მაგთი აშკარად დაიჩაგრა ან უბრალოდ ასე იყო ოლიგოპოლიურად გათვლილი(?), რომ მაგთის სიახლეებისგან თავი უნდა შეეკავებინა. ერთადერთი რასაც აკეთებდა თავისი პროდუქტის მიმზიდველობის გასაზრდელად სატელევიზიო რეკლამები იყო. რეიტინგმაც არ დააყოვნა და დაეცა! მაშინ აღმოაჩინა მაგთიმ რომ კიდევ შეიძლება რამის გაკეთება მაგალითად „ბანის“ შექმნა. ბალი, ბანი, ბარი, ბაღი, ბაკი (ავზს არ ვგულისხმობ) და სხვა – აი, ხომ ხედავთ მაგთიმ მხოლოდ ორის განხორციელება მოასწრო ჯერ – „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. არც რაიმე სხვა სახის აქციებით გაუნებივრებია თავისი მომხმარებელი მაგთის, მაშინ როცა ჯეოსელი ყოველ წელს თავისი აბონენტების ანგარიშებს ჯეოსტარის დახმარებით “ფხეკდა”. წამოიწყეს იყალოთოს აკადემიის რეკონსტრუქცია, კიდევ ბევრი საქველმოქმედო აქცია, ბევრი რეკლამა, თავბრუდამხვევი ტარიფები და საჩუქრები მომხმარებლებს.
როცა მაგთის რომელიმე აბონენტს ჰკითხავდი რატომ არ ცვლი შენს მობილურ ოპერატორსო გიპასუხებდათ – „ყველაზე ძერსკი და დასტოინი ქსელია ვაფშე რაა!“ ამ პასუხს ლოგიკური კითხვა მოჰყვება – რატომ არის ყველაზე „ძერსკი და დასტოინი“? – „იმიტომ რომ ცანცარულად სერვისებს და ტარიფებს არ ცვლის რაა… და ვაფშე ყველა მაგარ როჟას მაგთის ნომერი აქვს… და ვაფშე ყველაზე მაგარი ქსელია რააა!“ მოკლედ, შორიდან რომ ვუყურებდე ამ ამბავს გამიკვირდებოდა, მაგრამ ახლა მეცინება. ქართული „მობილური იდეოლოგიის“ თანახმად, კომპანია რომელიც უწევს მომსახურებას მომხმარებელს და აძლევს სატელეფონო კავშირის განხორციელების საშუალებას მთავარია იყოს „ძველი“ და ასევე მნიშვნელოვანია ამ ქსელს იყენებდეს ბევრი „მაგარი როჟა“. ჩემს მიერ პირველად დასმულ შეკითხვას, რატომ არ იცვლიან ოპერატორს, შედარებით გასამართლებელი პასუხიც აქვს – „იმიტომ რომ ნომერი მაქვს ძაან მაგარი!“
აქაც ერთი ქართული „აქილევსის ქუსლი“ იჩენს თავს – ნომრების და ციფრების მიმართ დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია რა ნომერი გაქვს, რამდენი შვიდიანი ურევია, მიუთითებს თუ არა ციფრთა მოცემული კომბინაცია რომელიმე აღსანიშნავ თარიღზე (საკუთარი ან შვილის დაბადების დღე, სახლის ტელეფონის ნომერი, მისამართის ციფრთა შერწყმა, ქორწინების თარიღი და კიდევ რას არ მოიფიქრებს გამჭრიახი გონება), და კიდევ სხვა მრავალი კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს ნომრის ხარისხს. ასეთი ნომრები, როგორც წესი, საკმაოდ ძვირი ღირს (100, 150, 200 და ა.შ. ლარის ოდენობით). სიძვირე, როგორც ჩანს, არ უშლის საზოგადოებას მის შესყიდვაში ხელს. ზოგჯერ ისეთ ჯიბეგაფხეკილს აქვს 6 ნულიანი ნომერი (ალბათ, მიხვდით, რომ პირობითად ვთქვი) რომ კითხვა გიჩნდება ადამიანური – იმიტომ ხომ არ არის ჯიბეგაფხეკილი ეს ნომერი რომ იყიდაო?! მოკლედ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომაც მინდა თემას დავუბრუნდე და დავსვა მხოლოდ ერთი შეკითხვა – აბა ვინ იცის რა მოჰყვება ქსელიდან ქსელში ნომრის ცვლილების გარეშე დაშვებულ გადასვლას? ოჰ, რა აურზაური ატყდება! თვალები მიბრწყინავს, ისე მეღიმება ბოროტულად! ბოროტულად ოლიგოპოლიების, მონოპოლიების და კიდევ ბევრი სხვა „პოლიებისათვის“, თორემ მომხმარებლებმა შეგვიძლია ცოტა მაინც ამოვისუნთქოთ და ვიფიქროთ რომ კონკურენცია ოდნავ მაინც გაიზრდება. მაგთის ბოლო „გაფართხალება“, რაც კი ვნახე ტელევიზიის საშუალებით იყო ბანის რეკლამა, რომელიც დაბალ ტარიფს გვთავაზობს ყველა მობილურ ოპერატორთან საუბრისას ბილაინის გარდა. ოჰ, რა აბეზარი აღმოჩნდა ეს „ოკუპანტი“ მწერი!
მგონი თქვენთვის საინტერესო იქნება პროცენტულად გადანაწილებული მობილური საზოგადოება რომლებიც აპირებენ ან არ აპირებენ შეიცვალონ თავიანთი ოპერატორი:
ვარ „მაგთის“ აბონენტი და ვაპირებ ოპერატორის შეცვლას 28.3%
ვარ „ჯეოსელის“ აბონენტი და ვაპირებ ოპერატორის შეცვლას 9.7%
ვარ “ბილაინის” აბონენტი და ვაპირებ ოპერატორის შეცვლას 2.3%
ოპერატორის შეცვლას არ ვგეგმავ 42.9%
ჯერ არ გადამიწყვეტია 16.8%
*ეს მონაცემები ამოღებულია commersant.ge-ს გამოკითხვის დღევანდელი (2011 წლის 17 თებერვალი) შედეგებიდან ( http://commersant.ge/ ).
სიმართლე რომ ვთქვა, არც გამკვირვებია. ახლა უკვე ნომრით ვერ გაიგებ მაგთია, ჯეოსელი თუ ბილაინი და შევხედავთ, ვინ როგორ შეაფასებს ტარიფებს და არა „ძველ“ ნომრებს. ამ სიტუაციაზე მახსენდება ერთი დიდებული ანდაზა ბაღში რომ მასწავლიდნენ: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment