Tuesday, March 22, 2011

ჩვენც გვინდა ვიყოთ პირველები!


არ მჯერა ორი რამის: 1. რეიტინგებით განსაზღვრული ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში; 2. გამოცდაზე მიღებული ქულით განსაზღვრული სტუდენტის ცოდნის დონე(:D).



ამჯერად რეიტინგებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. სწორედ ახლა ვკითხულობდი საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი კახა ბაინდურაშვილის "განმარტებით" სტატიებს იმის შესახებ თუ როგორი სწრაფი ტემპებით ვითარდება ეკონომიკური (და მომავალში ეს გავლენას მოახდენს სოციალურ წინსვლაზეც) მდგომარეობა საქართველოში; და ასევე როგორ სწრაფად მუშაობენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, იმისათვის რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დროულად დააფიქსირონ და ასახონ გრაფიკებზე.

სიტყვა - განმარტებითი - იმიტომ მოვათავსე ბრჭყალებში, რომ მოცემულ სტატიებში არაფერი არ არის ნახსენები იმის შესახებ თუ რეალურად რის საფუძველზე ხდება ამ დასკვნების გაკეთება. "განმარტება", როგორც ჩანს, ბატონმა მინისტრმა გრაფიკის ზედაპირულ აღწერად მიიღო და საფუძვლიანად აგვიხსნა თუ როგორ (და არა რა ეკონომიკური ცვლილებებზე დაყრდნობით) აღმოჩნდა საქართველო 179 ქვეყანას შორის 26-ე ადგილზე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით.



გარდა ამისა, ჩვენ ქვეყანას ისეთი წარმატებები აქვს სხვა სახის რეიტინგებშიც, რომ ნებისმიერ განვითარებად ქვეყანას შეშურდება.



გასაგებია, რომ ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის კარგი საშუალებაა რეიტინგებში შესაშური ადგილის დაკავება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცნობადობა 2008 წლის ომმაც იმხელა მოგვიტანა როგორსაც ვერცერთი რეიტინგის სათავეში მოხვედრა ვერ გვაღირსებდა. მგონი, უნდა ვიკმაროთ ამაზე ფიქრი.

მაგრამ არის კიდევ ერთი რამ - რა თქმა უნდა, იმისათვის რომ შრომის შედეგი დაფიქსირდეს, ყველას სჭირდება შეფასება. როგორც გამოცდაზე მიღებული ქულა არის სტუდენტებისთვის, ასეა რეიტინგები ქვეყნებისთვის. მთელი წლის მეცადინეობის შედეგი უნდა აისახოს ქულებში, ხოლო მთელი წლის მთავრობის ჯაფა უნდა აისახოს საერთაშორისო რეიტინგებში (მიუხედავად იმისა, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი შეფასებებიც არსებობს იმის გასარკვევად თუ რა შედეგი გამოიღო ხელისუფლების ქმედებებმა).

ნუთუ სულ მუდამ სიმართლეს ღაღადებს ჩვენი ქულები? ... (პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდია) მაგრამ დამეთანხმებით, რომ თუ ვინმე გკითხავს როგორ იცი მაკრო ეკონომიკაო და შენ უპასუხებ 100-დან 96 ქულა მაყავსო, დარწმუნდება (უმრავლესობა) რომ შენ ნამდვილად კარგად გაქვს გააზრებული ეკონომიკის შინაარსი. იქნებ სწორედ ამისთვის ჭირდება სახელმწიფოს ამდენი გრაფიკი და ამდენი რიცხვი (ისედაც არ გვაკლია გრაფიკები უნივერსიტეტში), რომ მერე არჩევნების წინ უფრო მეტი პლაკატი გაჩნდეს ქუჩებში რომლებზეც ეწერება: "საქართველო - პირველი რეფორმატორი ქვეყანა" ან "წარმატების ფორმულა - ისწავლეთ თავისუფლება საქართველოსგან" (მგონი კარგი ლოზუნგია ახალი ბანერის დასამზადებლად).

უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს ჯერ კიდევ არ ესმის თუ რატომ არ ნიშნავს რეიტინგში 20 ადგილით წინსვლა ჩვენი კეთილდღეობის თუნდაც 2-ჯერ გაზრდას. კარგად მეც არ მესმის, იმიტომ რომ მინისტრები არ გვიხსნიან ისე როგორც გავიგებთ; გვიხსნიან ისე როგორც მათ სურთ რომ გავიგოთ.

და მაინც, რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ეკონომიკურად უფრო თავისუფლები გავხდით? რაც იმდენი რეფორმა გავატარეთ რომ მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ? რაც ბიზნესის დაწყება გავაადვილეთ?

შეცვალა კი რეალურად ამ რამდენიმე მნიშვნელოვანმა რიცხვმა ჩვენი ცხოვრება?პასუხი აშკარა და ცალსახაა - არა!

მეც მომწონს, რომ დედაქალაქში ახალ წლამდე ერთი თვით ადრე საახალწლო ნათურები აგვიბრჭყვიალეს, გვიქმნიან დადებით განწყობას, რომელიც ბევრის ოჯახში მაინც ვერ აღწევს.

მოდის ახალი წელი ახალი რეიტინგებით, ახალი ბიუჯეტით, ახალი საგადასახადო კოდექსით (რომელშიც ჯერ ვერავინ გაარკვია რა წერია მართებული და რა გაუმართლებელი, ამიტომაც ყველა შიშით ელოდება მისი ამოქმედების შედეგებს), და ჩვენც როგორც ბედნიერი ამერიკელები და ევროპელები ისე შევხვდებით ახალ 2011 წელს მსოფლიო ვარსკვლაბით გაჩახჩახებული სცენის წინ.



პ.ს. მე ვიცი რომ ეს ყველაფერი მალე შეიცვლება! ჩვენ შევცვლით!

No comments:

Post a Comment